
მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა დაამტკიცა, 1-ელი დეკემბრის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანია ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება.
კობახიძის შეფასებით, არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად "ექვემდებარება მანიპულაციას და გარე ჩარევებს" და "ასეთ საზოგადოებაში" იოლია სიძულვილის დათესვა და ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე "ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი".
მისი თქმით, განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, და ეს "კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში".
სხდომაზე განათლების კონცეფციის გარდა, პრემიერმა განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია საქართველოში და ეკონომიკური ვითარება.
განათლების კონცეფცია
"ჩვენს ქვეყანაში განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდინარე, 2004-2012 წლებში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2004-2012 წლებში, ის უნდა გამოსწორდეს ახლა და სწორედ ეს არის უმაღლესი განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს და მათ შორისაა - ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება.
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ 2 დეკემბერს გაიმართება ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაცია, რომელსაც საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი წარუდგენს.
არალეგალური მიგრაცია
მთავრობის მეთაურმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანას შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს.
"გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა. იგივე ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასაც, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა.
"ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან.
"ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით, ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის" , - განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკა
პრემიერის თქმით, ისტორიაში პირველად, წლის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10 000 დოლარს გადააჭარბებს. ამბობს, რომ მთავრობა "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნოს".
მთავრობის მეთაური საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი - 7.2%, გადაჭარბებით შესრულდება.
"მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ქვეყანა ეკონომიკურად ყველა მიმართულებით სწორად ვითარდება.
ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ, კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი გარკვეულწილად აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე მომავალ წელს ეკონომიკას ერთიორად დაემატება.
"ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის და სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯთეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ წელს ქვეყანას სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა მისცა და ეროვნულ ბანკს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში, სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 მლრდ 808 მლნ აშშ დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. მინდა, ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.
ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



