რეზონანსი
(11.11.2025)

საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს სამძიმარს უცხადებს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ღრმად შეძრწუნებული ვართ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი, მოძმე თურქეთის კუთვნილი C130-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის ამბით. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს ამ მძიმე დანაკარგის გამო და გამძლეობას ვუსურვებთ დაღუპულთა ოჯახებს. აზერბაიჯანი ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდითაა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც  „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე