რეზონანსი
(16.10.2025)

გურამ შარაძე 17 ოქტომბერს 85 წლის გახდებოდა... ამ დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. არადა, ბატონი გურამი „ხულიგნობისთვისაც" რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული...

არა მარტო იერითა და ცოდნა-განათლებით, არამედ სამოქალაქო აქტიურობით და შეუპოვრობით გამორჩეული მამულიშვილი 2003 წლის გაზაფხულზე გავიცანი, როცა „ნაცმოძრაობის" წევრებით დაკომპლექტებულ საკრებულოს სასამართლოში დავა მოუგო, რის შედეგადაც შენობიდან პარტიული (ხუთჯვრიანი) დროშების ჩამოხსნა დაევალა. მაშინ სააკაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის რომ ეგო პასუხი, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, ხოლო ბატონი გურამი დღემდე გააგრძელებდა ქართველი ერის გამოღვიძების მცდელობებს.

ფაქტია, ღიად არა მარტო კათოლიკური ხუთჯვრიანი სიმბოლოს „იმპლემენტირებას" აპროტესტებდა, არამედ ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლებას, ეროვნული საგანძურის ქვეყნიდან გატანას, თსუ-ის რექტორად გია ხუბუას გამწესებას და უზნეობის პროპაგანდასაც.

ცხადია, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ პატრიოტი იყო, საკუთარი სამშობლო და ერი უყვარდა, ხოლო მისი მთავარი ღირსება სიმართლის დაურიდებლად თქმა იყო (ილია მართალივით ცნობილი დანაწესით: „მოყვარეს პირში უძრახე!" ხელმძღვანელობდა), რის გამოც ავტორიტეტული აკადემიკოსი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი (როგორც ვიცი, პატრიარქისგანაც ჰქონდა კურთხევა მიღებული) საჯაროდ დახვრიტეს.

იმედი მაქვს, აკადემიის სხდომათა დარბაზში ბატონი გურამის ფოტო „ნაციონალური დროშის" გვერდით არ იქნება გამოფენილი, მით უმეტეს, რომ გასული წლის ბოლოს, აკადემიის გადაწყვეტილებით გამოცემულ წიგნში („დროშა სამეფო"), სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა „ვარდების რევოლუციამდე" არასდროს ყოფილა საქართველოსთან იდენტიფიცირებული.

ფაქტია, მომავალი სახელმწიფო დროშის თაობაზე პოზიცია საკანონმდებლო ორგანოსაც ჯერ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, როდესაც თბილისის „ოპოზიციურმა" საკრებულომ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი 2002 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით თბილისის საკრებულოს შენობაზე „დავით აღმაშენებლის", ფაქტობრივად კი პარტიული („ნაცმოძრაობის") ხუთჯვრიანი დროშები აღმართა. გურამ შარაძის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ, 2003 წლის 21 მარტს, თბილისის საკრებულოს აშკარად უკანონო დადგენილება ბათილად სცნო და მას კანონით გაუთვალისწინებელი („ხუთჯვრიანი") დროშების ჩამოხსნა დაავალა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა და ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის უგია... სამაგიეროდ, ფაქტობრივად, სააკაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიმღები სამივე მოსამართლე, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, გამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, რომელმაც სააკაშვილი კორუფციულ ქმედებებში ამხილა და ბიუჯეტის ხარჯზე ათასობით პარტიული დროშის დამზადებაშიც დასდო ბრალი, ფაქტობრივად, წამებით მოკლეს...

ვინაიდან სააკაშვილმა „ხუთჯვრიანი დროშა" ჯერ „ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლოდ აქცია, საკრებულოს თავმჯდომარეობისას დავით აღმაშენებლისად „მონათლა", ხოლო „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სახელმწიფო დროშადაც „გაამწესა", სავსებით შესაძლებელია, ეს რომელიმე „უცხოელი მეგობრის" რჩევით ან/და დავალებით მოემოქმედა (გამორიცხული არ არის, ჯორჯ სოროსი ყოფილიყო, რომელიც შემჩნეულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და „რევოლუციურ" პროცესებზე „მავნე ზეგავლენით"...

ფაქტია ისიც, რომ მეცნიერებათა აკადემიამ ახალი „ეროვნული" დროშა არაგონივრულად დადგენილად მიიჩნია (მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაში იყო პარტიული სიმბოლო სახელმწიფო დროშად ჰიტლერის მიერ დამკვიდრებულიო) და პარლამენტს მისი შეცვლის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა. ერთობლივ განცხადებას აკადემიის პრეზიდენტი, აღმაშენებლის ეპოქის სპეციალისტი, ბატონი როინ მეტრეველიც აწერდა ხელს, რომელიც აკაკი ბაქრაძესთან და გურამ შარაძესთან ერთად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან ეწინააღმდეგებოდა ხუთჯვრიანი სიმბოლოს ისტორიულად წარმოჩენის მცდელობებს.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, მეცნიერებათა აკადემიის შენობის შემოსავლელში გია ბუღაძის მიერ მოხატულ პანოზე დავით აღმაშენებელი დღემდე ხუთჯვრიანი დროშით ხელშია გამოსახული. არადა, ჰერალდიკის საბჭოსა და პარლამენტის ვებგვერდების მიხედვით, ეს დროშა „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს ყოფილა დამკვიდრებული...", ხოლო მეცნიერებმა იციან, რომ მეფეები დროშების ტარებას მედროშეებს ანდობდნენ. ამდენად, თუ პანო მთლიანად არ შეიცვლება, უმჯობესია, დროშაზე წმინდა გიორგი ან შინდისფერ ფონზე ოქროსფერი ჯვარი მაინც გამოისახოს (მეცნიერების აზრით სეფედროშა სწორედ ასეთი იყო).

მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ აკადემიის პოზიციის გაცნობის შემდეგ (სახელმწიფო დროშა „არაქართული და უკანონოაო"...), დედაეკლესიის მესვეურებმა საპატრიაქროს შენობის წინ ჩამოხსნეს 2004 წლიდან აღმართული ხუთჯვრიანი („ნაციონალური") დროშა, რაც ლოგიკურიც არის, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და საკუთარი სიმბოლოები (მაგ., ჯვარი, ხატი...) გააჩნია...

ამდენად, დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამის საზოგადოებრივი საქმიანობიდან ჩამოცილება" ზოგიერთ პოლიტიკოსს და მეცნიერს (აკადემიკოსსაც...) გაუხარდა კიდეც, ვინაიდან მისი განათლება, აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ენერგიულობა აშკარად უქმნიდა პრობლემებს...

არადა, თუ არ გვინდა პლუტოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სიმართლის თქმა უნდა გავბედოთ. გურამ შარაძის ქალიშვილიც ამ მხრივ სამაგალითოა. მამის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ახსნა-განმარტების მიცემისას, ქალბატონმა რუსუდანმა სახელმწიფო დროშასთან მიმართებით განაცხადა, „მისი შეცვლის დროც დადგება, ვინაიდან მამამისი ღრმად იყო დარწმუნებული და ისტორიული წყაროებითაც დასტურდება, რომ ხუთჯვრიანი დროშა არ არის ქართული!"

იქნებ დადგა დრო, ქალბატონ რუსუდანს მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმაც მიჰბაძონ და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეებს უთხრან სიმართლე „ხუთჯვრიანი დროშის" წარმომავლობის თაობაზე, ბოდიში მოუხადონ „ნაცმოძრაობის" მესვეურების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი თვითნებობისთვის (ფაქტობრივად, ერი მოატყუეს) და კონკურსის გამოცხადების გზით შეეცადონ სახელმწიფო დროშის მიმართ სამართლიანობის აღდგენას.

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე