ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" ნეიტრალური სტატუსის გამოცხადებისთვის ემზადება და ამისთვის არ გამორიცხავენ, რომ ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს, რეფერენდუმთან ერთად, და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდგომ, 78-ე მუხლი ამოიღოს კონსტიტუციიდან.
დღეს ამ მუხლის ამოღება მმართველ პარტიას არ ძალუძს, რადგან ცვლილებას მინიმუმ 113 ხმა სჭირდება, „ოცნებას" კი 89 დეპუტატი ჰყავს და ანალიტიკოსთა თქმით, სულ რომც ოპოზიციიდან ჯერ კიდევ აქტიური დეპუტატები, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას 12 ადგილმონაცვლე დეპუტატი დაარწმუნოს ამაში (101 დეპუტატი), საჭირო ხმებს მაინც ვერ აგროვებს.
ამ ბოლოს რეფერენდუმის ჩატარებისა და 78-ე მუხლის ამოღებისკენ „ოცნებას" პროსახელისუფლებო „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" მოუწოდა. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ მოძრაობა აჟღერებს არა საკუთარ, არამედ ხელისუფლების პოზიციას, რის შემდეგაც გაჩნდა ვერსიები და იმის დაშვება, რომ მთავრობა მართლაც აპირებდეს ამას. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თავად ოპოზიციას სჭირდებოდეს ამ თემის გააქტიურება ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ მუხტის გაღვივებისთვის.
„კონსტიტუციიდან არამხოლოდ 78-ე მუხლის ფორმალური ამოღებაა ამათი მიზანი, არამედ, უფრო უარესი მგონია - [„ოცნებაში"] საქართველოსთვის „ნეიტრალური სტატუსის", ოკუპირებული ტერიტორიებისთვის კი განსხვავებული სტატუსის მინიჭებისთვის ემზადებიან. ეს იქნება მათი ამოცანა, ეს არის რუსული დავალება. ამას მოწმობს ისიც, თუ რატომ გამალებით ჩქარობენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ. როგორც ჩანს, გახარია მათ ამის შესაძლებლობას მისცემს", - უთხრა „პალიტრანიუსს" ენმ-ს მმართველობის დროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
„სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელიც იმავე „პალიტრანიუსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რათა 78-ე მუხლი გააქროს", ამიტომ ელოდება, რომ მმართველი პარტია „მოსუფთავებულ ველზე ვადამდელ არჩევნებს და მასთან ერთად პლებისციტს ან რეფერენდუმს დანიშნავს".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" ვადამდელ არჩევნებზე 100%-იანი გარანტია არ აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, ამიტომ ამაზე ახლა არ წავა.
„საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აქვს იმის გარანტია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს? 2024 წელსაც თითქოსდა ჰქონდა ამის წინაპირობა. დიდი ძალისხმევა ჩადეს ამაში, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არ მოხდა და აქედან გამომდინარე, რატომ უნდა დააყენოს „ოცნებამ" რისკის ქვეშ თავისი მმართველობა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმი ჩაატაროს და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს?!
„ამ ვერსიას და თეორიას ვინც ავითარებს, საკუთარ ცხვირს იქით ხომ უნდა გაიხედონ? ხელახალი არჩევნები რომც ჩაატარონ, აქვთ იმის 100%-იანი გარანტია, რომ საკონსტუციო უმრავლესობას აიღებენ, თუნდაც იმ პირობებში და იმ დროისთვის, როცა ენმ სხვა პარტიები გაუქმდება? თუ „ოცნებას" ამის 100%-იანი გარანტია არ ექნება და ყველა მხრიდან არ იქნება დაზღვეულ-გადაზღვეული, რომ რეალურად საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, მაშინ მათთვის ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.
„მათ შუძლიათ ეს პროცესი მიიყვანონ 2028 წლამდე, მანამდე სათანადოდ მოასუფთაონ პოლიტიკური ველი, შემოიყვანონ ის ოპოზიციური პარტიები, ვისაც ისინი „ჯანსაღ ოპოზიციად" მიიჩნევენ და ამ პირობებში, როცა უკვე ოპოზიციური ელექტორატი ფრუსტრირებული, ფრაგმენტირებული და დასუსტებული იქნება, უფრო მეტი თვითდაჯერებით შეიძლება ჩაატარონ არჩევნები და მაშინ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღონ, როგორც გამარჯვებულმა ძალამ, მაგრამ ახლა, ამ პირობებში, რაშიც ახლა „ქართული ოცნება" იმყოფება, მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ, რადგან ბევრი შიდა და გარე გამოწვევები არსებობს ქვეყანაში და რატომ უნდა გარისკოს, როცა შეუძლია ძალიან მშვიდად მიიყვანოს საქმე 2028 წლის არჩევმებამდე. უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღონ და უფრო უმტკივნეულოდ ამოიღონ ეს 78-ე მუხლი, თუკი ამის საჭიროება დადგება.
„თუმცა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა 2028 წლისთვის არც კი დადგეს ამის საჭიროება, რადგან მანამდე შეიძლება ბევრი ცვლილება მოხდეს თავად ევროკავშირში, მის პოლიტიკასა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში. ეს ხომ ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ დამთავრება ომი უკრაინაში, როგორ წარიმართება ურთიერთობები რუსეთთან, კავკასიაში როგორი პოლიტიკა იქნება. ასე რომ, „ქართულ ოცნებას" არსად არ ეჩქარება და ეს პროგნოზები, რაც გარკვეული პერსონების მიერ ვრცელდება, აბსოლურად არალეალისტურად მიმაჩნია. ამით სურთ მორიგი ვნებათაღელვის აგორება 4 ოქტომბერს განცდილი მძიმე დარტყმის შემდეგ, რომ გარკვეული პერიოდი სასაუბრო მედიათემები ჰქონდეთ, თითქოს „ოცნება" 78-ე მუხლის გაუქმებას აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეშვეობოთ, მაგრამ ეს იმდენად არარეალისტური მოლოდინის დანერგვაა, რომ პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა" ,- განაცხადა ანჯაფარიძემ.
დასძენს, რომ ახლა, როცა „ოცნებას" პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავს და „რომც მოხდეს სასწაული და გახარიას პარტიის წევრები გადმოიბირონ, მაინც ვერ გროვდება ის საკრალური 113 ხმა".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე