რეზონანსი
(01.07.2025)

ბათუმში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი.  დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ა.ა.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. რაც შეეხება ბ.ი.-ს, ის დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ა.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ასევე თურქეთის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ე.ა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

როგორც გამოძიება ასკვნის, დანაშაულს შეესწრო ა.ა.-ს თანმხლები პირი – ბ.ი., რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. სწორედ ამ მიზეზით ის დააკავეს როგორც ბრალდებული.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 376-ე (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლებით.

დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე