რეზონანსი
(06.06.2025)

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი ორიენტირებულია სხვა საკითხებზე თავის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობებში.

აღინიშნება, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ორმხრივ პრობლემებზეა ორიენტირებული. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომი აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებ პრიორიტეტული ხდება. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაშინგტონში პოზიციის შეცვლა მაინც შესაძლებელია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ასეთი მიდგომა ნიშნავს G7-ის ქვეყნების მრავალწლიანი პოზიციიდან გადახვევას, რომლებიც ჩინეთს მიიჩნევენ გადამწყვეტ ფაქტორად, რაც ხელს უწყობს რუსეთის ომის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ.

მარტში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საჯაროდ დაგმეს პეკინი მოსკოვის მხარდაჭერისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე