
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.
„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღირსეულად და ამაყად ატარებენ ჯარისკაცის სახელს. „ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს. ეს დღე ეკუთვნის ჩვენს საამაყო სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს და ზრუნავს მის მომავალზე“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე.
სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.
„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, თუ რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.
ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



