მარიამ ვეკუა
(30.03.2025)

28 მარტს საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 საათის განმავლობაში უსმენდა გენერალ მამუკა ყურაშვილს. კომისიის ეს სხდომა, რომელიც რიგირთ მე-7 იყო, განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა მასზე გაკეთებული განცხადებების შინაარსისა და ტონის გამო, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გენერალი ყურაშვილს 2008 წლის ომის დროს ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური იყო და მასთან  საუბარიც, ბუნებრივია, აგვისტოს მოვლენებზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ იმატა, როცა საქმე კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის საკითხს შეეხო. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის კითხვამ, თუ პირველად როდის გადასცა ბრძანება ყურაშვილმა, რომ მოქალაქეები იქნება გადასარჩენი და „საქმე კარგად არაა“, ყურაშვილი გააღიზიანა და წულუკიანს უპასუხა: „ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“

ამ დიალოგს კომისიის წევრები გამოეხმაურნენ და ყურაშვილს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.

წულუკიანის ტონიც საკმაოდ მკაცრი იყო:

„არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! პატივი ეცით მუნდირს, გასაგებია? არავინ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი, წერტილი! ორმა სამხედრომ იმდენი ქენით, მაიძულეთ სხვანაირად გელაპარაკოთ.“

საინტერესოა ისიც, რომ ყურაშვილმა საგამოძიებო კომისიასა და პერსონალურად თეა წულუკიანს ობიექტურობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა პარლამენტში „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიის მიზანი 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ „სისტემური დანაშაულის“ გამოძიებაა, თუმცა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 27 მარტს განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წლები) პერიოდით.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 28 მარტის სხდომასთნ დაკავშირებით კვირას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც გაავრცელა განცხადება.

„ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ.

„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

ომის თავიდან აცილების შანსი

როგორც ყურაშილმა პარასკევის სხდომაზე განაცხადა, 2008 წლის 1-ლ აგვისტომდე ჯერ კიდევ არსებობდა ომის თავიდან აცილების შანსი, ქართულ დიპლომატიას უფრო აქტიურად რომ ემუშავა.

„მანამდე დიპლომატიური მისია რომ გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა (შესაძლებელი იყო იმის თავიდან აცილება). ძლიერი დიპლომატები ჰყავდა საქართველოს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ოღონდ 1-ლი აგვისტოს შემდეგ უკვე გამორიცხული იყო. 

„თქვენ, ალბათ, როგორც პოლიტიკოსი უფრო, ზოგად სურათს უყურებთ, ჩემი გადმოსახედიდან, რა პოზიციაზეც მე ვიყავი და იქ, კონფლიქტის ზონაში რასაც ვუყურებდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მანამდე შეიძლებოდა დიპლომატიური მისიის ამოქმედება, რომელიც დადებითად აისახებოდა კონფლიქტის ზონაზე“, - განაცხადა ყურაშვილმა.

მშვიდობიანი მოსახლეობის შესაძლო ევაკუაცია

მეორე მნიშნელოვანი საკითხი კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას ეხებოდა.

„ევაკუაციის შემთხვევაში, დაზარალებული, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნებოდა“, - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა კომისიის წევრის, ილია ინჯიას კითხვას - ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები.

ყურაშვილმა  ყურადღება გაამახვილა ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც. კითხვაზე ჰქონია თუ არა სააკაშვილთან საუბარი, შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში მოსახლეობის ბედზე, ყოფილმა გენერალმა უპასუხა:

„როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი. ქალბატონმა თეამაც თქვა, როგორი (სწრაფი) ნაბიჯებით დადიოდა და მე კონტაქტი იქ, შიგნით არ მქონია, ოთახში იყო... (საუბარი) ვერ მოვახერხე“, - განაცხადა ყურაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა წულუკიანის შეფასება, რომ 7 აგვისტოს, გორში ჩასვლისას „სააკაშვილი ისე ჩქარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორსაც ვერ მოესწრო გადაღება“.

თეა წულუკიანმა ჰკითხა - მიხეილ სააკაშვილს მისთვის რომ მიეცა მოხსენების საშუალება, რას ისურვებდა ეთქვა.

„ვისურვებდი (მეთქვა) ალბათ, თადარიგი რომ დაგვეჭირა“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

მთავარსარდალი „წადით“, თუ „მომყევით“

კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ჰკითხა მამუკა ყურაშვილს, თუ როგორ დაახასიათებდა ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს - ეს იყო მთავარსარდალი „წადით“, თუ ეს იყო მთავარსარდალი „მომყევით“, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა- „მომყევით“.

„მტერი მიჰყვა მაგას“, - უპასუხა წულუკიანმა.

ყურაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა:

„დიდი მადლობა, რომ საერთოდ ასეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს. აი, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო თეა და მეც კიდევ, ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაცნაირად გამოვედი ბატონ სოზართან და ყველასთან... ხომ მიმიხვდით,“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

როგორ აღიქმება წულუკიანი-ზურაბიშვილის დიალოგი საზოგადოებაში

ანალიტიკოსი პაატა მამრაძე ფიქრობს, რომ საზოგადოება განსხვავებულად აღიქვამს როგორც ამ კონკრეტულ სხდომას, ასევე ზოგადად ამ საგამოძიებო კომისიის არსებობას და ამის მიზეზი პოლარიზაციაა:

„მოგეხსენებათ, როგორი პოლარიზაციაა საქართველოში და არსებობს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც, რაც არ უნდა გააკეთოს „ოცნებამ“ - კარგი თუ ცუდი - შეიძლება არც მოისმინონ და თქვან: აი, კრემლის დასმული ხელისუფლება... აი, კომისიას რუსეთმა დაავალა ეს და ეს.

„არის მეორე მხარე, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუნდაც წულუკიანს მართლა ღირსეულად და პრინციპულად მიჰყავს სხდომა. 

არის ის კატეგორიაც, რომლებიც ამბობენ - ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა ასეთი გამოძიება პირველივე წელს უნდა გაეკეთებინათ, და მე მათ ვეთანხმები.

„ივანიშვილი მრავალი წლის წინ ამბობდა, რომ 2008 წელს სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ უდიდესი ღალატი იყო ჩადენილი – სამშობლოს ღალატი.“

მამრაძემ ყურაშვილის ჩვენებაც შეაფასა:

„ყურაშვილის ჩვენება ბოდვას უფრო ჰგავდა, იმიტომ, რომ 2013 წლის ზაფხულში ყურაშვილმა ინტერვიუ მისცა. მას დაერქვა მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ. იქ ყველაფერი წერია - ყურაშვილი ამბობს, რომ ამის აცილება შეიძლებოდა და ა.შ.

„რაც შეეხება პიარს, შესაძლებელია, კომისიის შეფასება უფრო მძაფრი ყოფილიყო. აქ კიდევ ყურაშვილმა კომისიის კორექტულობა დაინახა - რომ კომისია არ კვეთს საზღვრებს და სწორედ ამით იყო მისი მადლობაც გამოწვეული“, - განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ამ კომისიის მუშაობა პროპაგანდისტულია და საზოგადოების ნაწილიც ამან გააღიზიანა:

„ზოგადად, ამ კომისიის მუშაობა არის პროპაგანდისტული საშალება „ოცნებისთვის“ და ამით ცდილობენ მთლიანი ოპოზიცია ბადეში გაახვიონ, ისეთი სურათი შექმნან, რომ ყველა ერთნაირია.

„გამონაკლისი არც ყურაშვილი-წულუკიანის დიალოგი იყო. წულუკიანმა პირდაპირ „დატუქსა“ ყურაშვილი. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ადამიანები უნდა ცდილობდნენ, რომ რაღაც ზღვარი შეინარჩუნონ. დაკითხვა კი არა, შეურაცხყოფა იყო და საზოგადოების ნაწილსაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.“

ძაბირაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ყურაშვილის მიერ კომისიისთვის „ობიექტურობისთვის მადლობის გადახდა“ მაინცდამაინც მოსაწონი არ ყოფილა.

„თავისთავად ის, რომ ასეთი „დაქტუსვის“ შემდეგ მან სხდომა არ დატოვა, ჩემთვის უკვე, რბილად რომ ვთქვა, მისაღები არაა. მადლობა გადაუხადა, შეირგო, რაც მას უთხრეს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ყურადღების გადატანის მცდელობა?

პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ „ოცნებას“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან, თუნდაც აქციებიდან ყურადღების გადატანა უბრალოდ არ სჭირდება, რადგან აქციებით საზოგადოების დიდ ნაწილიც კი არ არის დაინტერესებული:

„ვფიქრობ, ეს სისულელეა. აქციებს ისედაც არავინ აქცევს ყურადღებას. რამდენჯერ მითქვამს, რომ ამდენი ფულის ხარჯვის, დასავლეთიდან ასეთი ლობირების მიუხედავად, მათ საქართველოს მასშტაბით სტატისტიკური ნული მიიღეს.

„არჩევნების შემდეგ პირველად რომ შეაგროვეს 3 000 ადამიანი, ეს მილიონნახევრიანი ქალაქისთვის არის სტატისტიკური ნული. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ყურადღების გადატანის მცდელობას. ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს კარგად იციან ორგანიზატორებმაც.“

ძაბირაძეც ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ყურადღების გადატანა არ არის.

„არ მგონია ყურადღების გადატანა იყოს მიზანი, ან ამის მცდელობა ჰქონდეთ. „ოცნება“ ამოვარდნილია კალაპოტიდან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანის მცდელობაა. სააკაშვილის წინააღმდეგ კი არ მუშაობენ, საკუთარი პარტიის წინააღმდეგ მუშაობენ. ვინც არც აპირებდა საპროტესტო აქციაზე მისვლას, ამის მერე აუცილებლად მივა.

წულუკიანზე უკეთ ვიცი, რა ხდებოდა 2008-ში. არ მჯერა, რომ ისინი მართლა რაღაცას აკეთებენ ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

კომისიის მუშაობა და საპროტესტო მუხტი

პეტრე მამრაძე ამბობს, რომ შესაძლებელია საპროტესტო მუხტი ერთჯერადად გააძლიერდეს, თუმცა არა ხანგრძლივად.

„ასეთი იმპულსები შეიძლება ბევრჯერ იყოს, როგორც გუშინ აქციაზე. ერთჯერადი აქციები შეიძლება გაცილებით მასშტაბურიც გამოდგეს, რომლებიც ქუჩას დაიკავებენ. თუმცა ეს ძვირი ჯდება, რთულია ხალხის შეკრება და მათი დაყენება ხანგრძლივ პროტესტზე. ერთჯერადად ნამდვილად შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა მე ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - არსებობდა მასშტაბური სახალხო მოძრაობა, რომლის მსგავსიც დღეს არაფერია.“

განსხვავებულად ფიქრობს ძაბირაძე. ის ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ უფრო მეტი ადამიანი „გააბრაზა“.

„ჩემი აზრით, ამ კომისიამ უფრო გააბრაზა ხალხი და გაამძაფრა პროტესტი. ყოველ შემთხვევაში, გააბრაზა ნეიტრალური ადამიანები, თორემ „ოცნების“ მხარდამჭერებზე არ ვსაუბრობ - ისინი, რა თქმა უნდა, არა. თუმცა ნეიტრალური ადამიანებისთვის ასეთი პროცესი, ჩემი აზრით, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს და არა „ნაციონალური მოძრაობის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე