რეზონანსი
(20.12.2024)

 საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა".

„დღევანდელი ანგარიში მოიცავს რიგ რეკომენდაციებს არჩევნების ჩატარების გასაუმჯობესებლად. ეს მოითხოვს ცვლილებებს როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში, რათა გადაწყდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების დაბალ ნდობასთან, ამომრჩევლების შესაძლებლობასთან, ხმა მისცენ შიშის გარეშე და, ამავდროულად, გაიზარდოს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა ყველას საკეთილდღეოდ“", - ნათქვამია ანგარიშში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს," - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

პარალელურად ცესკოც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს:

"ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა.

ამასთან, ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე