
მსოფლიოში ყველა რეიტინგული ინსტიტუცია, რომელიც ობიექტურად აფასებს, რომელიმე კრიტერიუმს საქართველოსთან მიმართებით აქვეყნებს ხოლმე გაუმჯობესებულ ვერსიას. არცერთ პარამეტრში ჩვენ უკუსვლა არ გვაქვს, პირიქით, რამდენიმე პუნქტით ყველგან წინ ვართ წაწეულები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით მსოფლიოში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების საკითხის კომენტირებისას.
„სადაც კი ობიექტური კვლევა გამოკრთება ხოლმე, ყველა პარამეტრში ვართ წინ. ვერ დამისახელებთ სფეროს, ვერც ერთს, ბუნებაში ასეთი სფერო არ არსებობს. იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, იქნებ დაეყრდნონ რეალურ მონაცემებს, ქართულს დაანებეთ თავი, სტატისტიკის მონაცემებსაც ქართულს დაანებეთ თავი, ყველა მსოფლიოში აღიარებული რეიტინგული ინსტიტუცია, რომელიც ობიექტურად აფასებს რომელიმე კრიტერიუმს, ყველა საქართველოსთან მიმართებით აქვეყნებს ხოლმე გაუმჯობესებულ ვერსიას. არცერთ პარამეტრში ჩვენ უკუსვლა არ გვაქვს. პირიქით, რამდენიმე პუნქტით ყველგან წინ ვართ წაწეულები. რატომ? იმიტომ, რომ ობიექტურად ქვეყანა მიდის წინ, ობიექტურად ქვეყანა ადგას განვითარების, წინსვლის და ევროინტეგრაციის გზას. აგენტების და მათი პატრონების, და მათგან წაქეზებული თუ მითითებული პირების სიტყვებით, სხვანაირად არის, ფაქტები კი სხვა რამეზე მიუთითებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის დროსაც კი შეუძლიათ თქვან, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია.
„ანუ ფაქტების საწინააღმდეგო ასე დალაგებული ნარატივი ჯერ არასოდეს ყოფილა და ქართველმა ხალხმა ამასაც უნდა გაუძლოს, გავიაროთ და წინ წავიდეთ რეალური ევროპელობისთვის, რეალური ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რეალური გაერთიანებისთვის და შერიგებისთვის და არა ტერიტორიების დაბრუნებისთვის მხოლოდ, შერიგებისთვის ქართველების, აფხაზების, ოსების და არა მტრობით, ომებით ერთმანეთის დაბრუნებისთვის. ასე ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ერთმანეთს, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ ნაპრალს, ჩვენ ეს ნაპრალები უნდა გავამთლიანოთ შერიგებით, ეკონომიკური განვითარებით, ევროპული სრულფასოვანი წევრობით, ოღონდ ღირსებით და ორ ფეხზე მყარად დგომით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



