რეზონანსი
(01.12.2024)

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.

„ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწად-ნახევარი ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან იმ ძალებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შანტაჟისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. ანალოგიურად, ვპირდებით ყველას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს და ჩვენს სლოგანს – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე