
„ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, რომ დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი, ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებმა კენჭი უყარეს.
მისი თქმით, არ არსებობს სფერო, სადაც მიღწევები არ აქვს „ქართულ ოცნებას“ და სამთავრობო პროგრამაც სწორედ ამაზე დგას. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სწორედ ამას ვერ ეგუებიან რადიკალები.
„რას ვერ ეგუებიან - ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გაზაფხულის აქციების შემდეგ, როცა ისინი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ, თქვა, რომ დიახ, გამჭვირვალობა არის ქართული საქმე. ამ კანონზე ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს თავისი არჩევანით მხარი დაუჭირა იმას, რომ დიახ, მას სურს იცოდეს ვინ აფინანსებს კონკრეტულ ენჯეო სექტორს, მედიასაშუალებებს ქვეყნის გარედან.
და ვერ ეგუებიან კიდევ ერთ მთავარ ამბავს, რომ საქართველო გახდა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობის ხარისხით, ჩაურევლობის გარანტიებით და ეროვნული ინტერესების გატარებით თქვა, რომ დიახ, ჩვენ ამ ეროვნულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ პოლიტიკას გავატარებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
84 მომხრე, 0 წინააღმდეგი, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



