რეზონანსი
(27.11.2024)

„ქართული ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. როგორც მიხეილ ყაველაშვილის ბოლო, 2024 წლის აპრილში რედაქტირებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებშია მხოლოდ დედაქალაქში მდებარე ავტოფარეხი, რომლის ღირებულება 22 000 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა იმისა, რომ მის ოჯახს არ უჩანს ქონების, მათ შორის, არც მოძრავი ქონების შეძენა, ჩუქების ყველა გრაფაც ცარიელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ყაველაშვილს „თიბისი ბანკის" ანგარიშზე 1 121 ლარი და 205 ევრო ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მისმა სახელფასო შემოსავალმა გასულ წელს ჯამში, 49 416 ლარი შეადგინა.

ბოლო, 2024 წლის დეკლარაციაში შეტანილი აქვს შვილის, გურამ ყაველაშვილის ხელფასიც, 4655 ლარის ოდენობით, ოღონდ, არ უთითებს სადაა დასაქმებული.

ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ინგლისში, მანჩესტერშია დაბადებული, მეორე – შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. მესამე შვილი მას 2013 წელს საქართველოში შეეძინა. წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს ასევე მის მეუღლეს, თამარ ბაგრატიონს. თამარ ბაგრატიონი მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დაა.

დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი დასაქმებული არ ყოფილა.

2021 წლამდე დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც ბინას ფლობდა, გერი, გიორგი ივანიშვილი გახლდათ, კერძოდ, 2015 წელს შეძენილს, 80 000 დოლარად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,

მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის – Oil trade and invest gmbh -ის 24,5%-ის მფლობელი იყო. ამის შესახებ ყაველაშვილმა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, თუმცა ამ კომპანიაზე ჩანაწერი ბოლო დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს. კომპანიის წილების გასხვისების ან გაჩუქების თაობაზე 2020-2023 წლების დეკლარაციებში არაფერი იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე