
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა – “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ყაველაშვილის განათლების ველი ცარიელია. 1 წლის წინ IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტს საჯარო წერილით მიმართა და დეპუტატის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა.
კლდიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, საკანონმდებლო ორგანო უთითებს, რომ დეპუტატს არ წარუდგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, ისინი მათთან არ ინახება.
როგორც ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა მეორე კურსის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ეს ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე ცდილობდა კენჭის ყრას, თუმცა წესდების თანახმად ამის უფლება არ მიეცა, რადგან უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. იმხანად ყაველაშვილი აცხადებდა, რომ წესდებაში ეს ცვლილება შეიტანეს იმის გამო, რომ მას არ მიეღო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ეს არც ფორმალური და არც რეალური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებს შორის დიპლომი მოხსენიებული არ არის.
“ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს? პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს - სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა! სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



