
გლდანში მოკლული 80 წლამდე ასაკის ქალბატონის, ლარისა მელიაშვილის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ ჰყავს და ჯერჯერობით უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.
როგორც მეზობლები ამბობენ, ქალბატონის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, როცა შვილმა განგაში ატეხა. ის დედასთან დაკავშირებას ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა. ამის შემდეგ შვილი თავის შვილთან ერთად გლდანში, დედის სახლში მივიდა, მას ბინის კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა. შვილმა ჯერ იქვე მეზობლებთან მოიკითხა დედა, უთხრეს, რომ არ უნახავთ. შვილი გამუდმებით რეკავდა დედის ტელეფონის ნომერზე, მერე სახლთან მისულმაც კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა და გაიგო, რომ მათი ბინიდან ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა. ამის შემდეგ ატეხა განგაში, ბინაში რომ შესულიყო 112-ში დარეკა და მაშველები გამოიძახა, მის თვალწინ გახსნეს ბინის კარი და უმძიმესი სურათი დახვდათ, ლარისა მელიაშვილი ბინაში მოკლული ნახეს.
რატომ უნდა მოეკლათ ასაკოვანი ქალბატონი. ამ კითხვაზე მეზობლებს ერთადერთი პასუხი აქვთ. ისინი ვარაუდობენ. რომ მკვლელობის მიზეზი ყაჩაღობა იყო. ამ ვერსიას ამყარებს მათი მონათხრობი, როგორც ამბობენ, ბინაში ნივთები გადმოყრილი იყო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ დამნაშავეს სახლიდან ფულის წაღება სურდა.
მეზობლის თქმით, ძალიან კარგი შვილების დედა იყო ლარისა.
"ვერ ამიხსნია ეს ვინ ჩაიდინა. კარგი ოჯახი ჰყავს. ბიჭი მეტროს მემანქანეა, გოგო გათხოვილია და ცალკე ცხოვრობენ ისინი. მე აქ მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ხმაური არ გამიგია. როგორც ვიცი, მეზობლებსაც არაფერი გაუგიათ. ვის რას უშავებდა ეს ქალბატონი, თავისთვის იყო. ცენტრალურიდან ამოქოლილი ჰქონდა შესასვლელი და კუთხიდან გაუკეთა კიბეები, იქიდან შედიოდა. სიგარეტებით ვაჭრობდა. თავისთვის იყო, კარგი ქალი იყო. მოკლული ნახეს, კარს არავის გაუღებდა. რა მოხდა არავინ იცის და ველოდებით გამოძიებას, თავში ჰქონია დაზიანება. ან რა უნდა წაეღოთ, რა თანხა ექნებოდა, ალბათ ფულს ეძებდნენ. ერთოთახიანი ბინაა პატარა მისაღები და საძინებელი, ყველაფერი ის ერთი ოთახი იყო, წინ ჰქონდა სამზარეულო. ძაღლი ჰყავდა და ეზოში სულ ჩახუტებული დაჰყავდა ეს პატარა ძაღლი. მაგით ერთობოდა, უვლიდა, ძალიან დამენანა. ფულის გულისთვის ადამიანი როგორ უნდა მოკლა. ყველაზე დიდი 1000 ლარი ჰქონოდა, ამის გამო როგორ კლავ ადამიანს, იმედია დააკავებენ დამნაშავეს და საკადრისად დასჯიან", - ამბობს მეზობელი.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



