რეზონანსი
(26.11.2024)

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაურის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ცინიზმის მწვერვალს" უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებას, რომლითაც გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ ანატოლი გიგაური სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

"მთავარი ამრევი, გადამტრიალებელი და მოძალადე ამ ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი და ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორებაში არიან მხილებულები, დაისაჯონ.

ცინიზმის მწვერვალია, როდესაც რუსული რეჟიმი ამბობს, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა. არავის დაგვიწყებია თავპირდალეწილი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, ხომ არ გახსენდებათ, დაკავებული ან გამოკითხული არის ვინმე მაინც? როდესაც სახის ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, თავის ქალა ააძვრეს, ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დასდევდნენ და სცემდნენ. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა, მთავარი ამრევი, გადამტრიალებელი და მოძალადე ამ ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე