
ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ქვეყნიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.
როგორც მედია წერს, ტრამპი გეგმავს გამოიყენოს 1798 წლის ომის დროინდელი დებულება, რომელიც ცნობილია როგორც უცხო მტრების აქტი, რათა სწრაფად მოხდეს სავარაუდო ბანდის წევრების დეპორტაცია, ქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, გასაჩივრდება სასამართლოში. ცოტა ხნის წინ კი მან დაადასტურა, რომ მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს.რისკის ქვეშ არიან აშშ-ში არალეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტებიც. როგორც ცნობილია, პირველ რიგში “დიდ წმენდაში“ მოჰყვებიან კრიმინალური ქეისის მქონე არალეგალი მიგრანტები. თუმცა, ადმინისტრაციის ოფიციალურად დამტკიცებამდე, უცნობია, საბოლოო ჯამში კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები გატარდება.
როგორც ambebi.ge-ს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა იურისტმა მარიტა მაზანიშვილმა განუცხადა, რომელიც საემიგრაციო კუთხით მუშაობს, ქართველ მიგრანტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მიმართონ იურისტებს, მოაწესრიგონ საბუთები და თავიდან აიცილონ დეპორტაციის რისკი.
მარიტა მაზანიშვილი: მოსალოდნელ საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქართველების უმრავლესობას ნეგატიური მოლოდინები აქვს. ზუსტად არავინ იცის რა ცვლილებები შევა ძალაში და ეს გაურკვევლობა ყველას აშინებს.ახალი ადმინისტრაცია საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს, რაც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, მოიცავს, პირველ რიგში, კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანების დაჩქარებულ დეპორტაციას და ასევე, იმ ადამიანების დეპორტაციას, რომელთა წინააღმდეგაც უკვე არსებობს სასამართლოს მიერ გამოცემული დეპორტის გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკაში არ აღსრულებულა. ახალი ადმინისტრაცია 20 იანვარს იწყებს საქმიანობას. ყველა ელოდება ამ თარიღს, რომ ვიცოდეთ როდიდანაც დაიწყება ახალი საემიგრაციო პოლიტიკის ამოქმედება.
ზოგადად, ყველა ემიგრანტს რომელიც იმყოფება ამერიკაში და ჯერ არ დაუწყია საემიგრაციო პროცესი სამართლებრივი კუთხით. თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ჯერ არ მოუთხოვიათ თავშესაფარი, ვურჩევდი რომ კონსულტაცია გაიარონ კვალიფიციურ ადვოკატთან და მიიღონ შესაბამისი იურიდიული მომსახურება.
არსებული საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში, თავშესაფრის მაძიებელს ენიშნება სასამართლო პროცესი, სადაც აქვს უფლება რომ მოსამართლისა და პროკურორის წინაშე, ადვოკატის დახმარებით დაიცვას თავისი პოზიცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მიიღოს თავშესაფარი ამერიკის სახელმწიფოსგან.
როგორც უკვე ვთქვი, დაზუსტებით არაა ცნობილი თუ რა ცვლილებები შევა საემიგრაციო პროცედურებში. თუმცა სწორი იურიდიული რჩევების, ინფორმაციისა და მომსახურების მიღება გამოცდილი ადვოკატისგან ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ დაიცვან თავისი უფლებები და მოსალოდნელ დაჩქარებულ დეპორტაციებს თუ სხვა შეზღუდვებს, თავი აარიდონ.
ჩვენს იურიდიულ კომპანიაში ყველა საემიგრაციო მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ოჯახის გაერთიანების, სამუშაო, სასწავლო, თავშესაფრის და ა.შ.
პირველ რიგში, აუცილებელია სწორი და სიღრმისეული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს საემიგრაციო კუთხით; ყველას ვურჩევ წინასწარ გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ადვოკატთან, რომ გაერკვეს პროცესში; მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმაზე თუ რა ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული იურიდიული და სხვა მომსახურებების მიღება. რა არის ამერიკაში საცხოვრებელი ხარჯები და ა.შ
ასევე, კარგი იქნება თუ გადახედავს სხვა ადამიანების გამოცდილებებს ამერიკაში ცხოვრებასთან და მუშაობასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, რაც უფრო გათვითცნობიერებული და ინფორმირებული იქნება ადამიანი ჩამოსვლამდე, მით უფრო გაუადვილდება ადაპტაცია და საკუთარი თავის რეალიზება ახალ ქვეყანაში.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



