
25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება. თავდაპირველად, პარლამენტის აპარატი, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას განახორციელებს, პარლამენტის წევრები სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით დაადასტურებენ.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია - ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.
რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.
რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს. პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს.
აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში ის პირი არ შეიტანება, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია.
პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



