რეზონანსი
(20.11.2024)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა „იმედის“ ჟურნალისტმა მეგი ნარსავიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებზე რეაგირება, ვინაიდან ჟურნალისტებმა მუშაობა ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის გარეშე შეძლონ.

„საგამოძიებო სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია მუშაობაში ხელს როგორ გვიშლიდნენ. არ გვაძლევდნენ საშუალებას არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულების, არამედ, გადაადგილებაში გვეშლებოდა ასევე ხელი.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებზე რეაგირება, ვინაიდან ჟურნალისტებმა შევძლოთ ვიმუშაოთ ისე, რომ ხელი არ შეგვიშალონ, არ მოგვაყენონ შეურაცხყოფა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს უკვე ძალიან რთული იყო ვითარება. არა მხოლოდ ჩართვისა და გადაადგილების საშუალება არ მოგცეს, არამედ, ტერიტორიიდან გაგვაგდეს. ფიზიკურად გააკეთეს ეს. გვეხებოდნენ და ასე დაგვატოვებინეს ტერიტორია“, - აღნიშნა მეგი ნარსავიძემ.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიიის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე