
"დაგვირეკეს და მიიღეს პასუხი, რომ ჩვენ ამ მოწმობებს არ ჩავიბარებთ" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა და ცესკოს მიერ პარლამენტის არჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობების დამზადების ფაქტს გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დროებითი მოწმობების დამზადება იმ არალეგიტიმური პროცესის გაგრძელებაა, რასაც "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებში გამარჯვების გაფორმება ეწოდება.
როგორც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი იყო ფიქცია თავის შინაარსით... ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ამ არჩევნებს არ აქვს არც საზოგადოების და არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმაცია. როგორც წერტილის დასმა უნდოდათ ერთი პროცესის დასაწყისზე შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერით, თან ნაჩქარევად, ნაუცბადევად, დროზე ადრე, ეცადნენ, რომ წერტილის დასმით პროცესი ლეგიტიმურად წარმოეჩინათ, რა თქმა უნდა, ამ პროცესის გაგრძელებაა ეს მანდატები. ჩვენც დაგვირეკეს და მიიღეს ის პასუხი, რაც ჩვენს პოზიციას შეესაბამება, რომ ჩვენ ამ მოწმობებს არ ჩავიბარებთ", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ცესკო იტყობინება, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა. კალანდარიშვილის უწყების ცნობით, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს დაუკავშირდებიან და პარლამენტის პირველ სხდომამდე აღნიშნულ ბარათებს გადასცემენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



