რეზონანსი
(19.11.2024)

ოპოზიციას 30 ვერცხლად შეუძლია სამშობლოს გაყიდვა, კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, აუცილებლად დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ქვეყნის წინაშე დამნაშავეები არიან.

„უმეცრებისა და სისულელეების ზეიმს ვაწყდებით ჩვენი ოპონენტების მხრიდან, როდესაც მათი მხრიდან არსებული მოვლენების შეფასებებს ვისმენთ. პირველ რიგში, პოლიციელი არის გმირი და მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მთლიანად შს სამინისტროს ასე უმწიკვლოდ ჩატარებული იმ ოპერაციისთვის, რასაც გზის გათავისუფლება ჰქვია.

სამწუხაროდ, ის მოცემულობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია, არანაირ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოებრიობის აღქმას ის არ მოიცავს. ძალიან კარგი მაგალითია ის წერილი, რომელიც ამ ადამიანებმა გააგზავნეს ბრიუსელში, რომელიც შპიონაჟით არის სავსე. ესენი [ოპოზიცია] არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 30 ვერცხლად გაყიდონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან და ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება დამოუკიდებლად ქვეყანამ სუვერენულად იარსებოს.

ქალბატონი სოფო ჯაფარიძე საუბრობდა, არჩევნები გაყალბებულიაო და არგუმენტად მოიყვანა „ყველა ამას ამბობსო“. არ გახსენდებათ მსგავსი არგუმენტი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით? პრეზიდენტს რომ ვეკითხებოდით, რატომ არის კანონი ცუდიო და პასუხი, რომ ჰქონდათ, „იმიტომ“.

როდესაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ოპოზიციას, როდესაც რადიკალიზმის ჭაობში არიან გადავრდნილები, სურთ ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიონ და ამისთვის არაფერს არ ერიდებიან, საზოგადოების მხრიდან პასუხი არის ერთი და იგივე, საზოგადოება რადიკალებს არ ენდობა, ეს ადამიანები არიან დამნაშავეები საკუთარი ქვეყნის წინაშე და აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე