
„თუ ვინმეს აქვს კითხვები, შეუძლია დასვას და მიიღებს პასუხს", - ასე უპასუხა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კითხვას, რომელიც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ ეჭვებს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე კვირის ამ თემაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. ის ეჭვობს, რომ ხელისუფლება საქსტატის კომპეტენციაში ჩარევას ცდილობს, მაგრამ საკითხის განვრცობა არ ისურვა. „ჩათვალეთ, ეს იყო ჩემი განგაშის ზარი" - ამბობს ყოფილი პრემიერი.
თავის მხრივ, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საქსტატი ყოველთვის მზად არის დისკუსიისთვის ნებისმიერ აუდიტორიასთან.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზედაც საქსტატს არ ექნება კომპეტენტური პასუხი. არ არსებობს არცერთი მაჩვენებლის ზრდის თუ კლების მიზეზი, რომელსაც არგუმენტირებულად ვერ დავასაბუთებთ.
ასე რომ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ყოველთვის მზად ვართ მსჯელობისთვის. ყოველთვის მზად ვართ, განვმარტოთ მეთოდოლოგიური დეტალებიც და ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ მაჩვენებლებზე, რასაც გამოვაქვეყნებთ - იქნება ეს კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია თუ ადმინისტრაციულ წყაროზე დაყრდნობით გაანგარიშებული მაჩვენებლები", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
წყარო: bm.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



