
ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. 28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენასაც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ, გუშინ გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ონიანს ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე პირველი კომანტარი გააკეთა ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანლმა, ირაკლი მერკვილაძემ და განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ზუსტად ვერ გეტყვით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ გართულებები მოხდა ჩვენთან, კლინიკაში. ამჟამად მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული.
დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზუსტად, რაც მოხდა, ეს ყველაფერი ასახულია პაციენტის ისტორიაში. კლინიკის ხელმძღვანელი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში, ვიცი რაც მოხდა, თუმცა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამას სჭირდება ზუსტად გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგები დააზუსტებს რა და როგორ მოხდა.
ახალშობილები დღენაკლულები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათი მდგომარეობა იყო ნორმალური, თუმცა ოჯახმა მოითხოვა რომ ბავშვების მკურნალობა გაგრძელებულიყო თბილისში და ბავშვები გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, ისინი იქ არიან ამჟამად. რაც შეხება მომხდარს, მიდის გამოძიება, ყველა დაიკითხება, სრულფასოვნად იქნება გამოკვლეული ყველა დეტალი და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად გაცხადდება რატომ მოხდა ეს ტრაგედია", - განაცხადა ირაკლი მერკვილაძე და კითხვაზე; სისხლდენა მშობლიარობის დროს დაიწყო? უპასუხა, რომ „ამის დაკონკრეტებას ახლა აზრი აღარ აქვს".
„მესმის რომ ძალიან დიდი ინტერესია, დიდი ტრაგედია მოხდა. მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა. დიდი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ყველასთვის. ყველაფერს გაარკვევს პოლიცია და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური.
ექიმი დაკითხულია, მას ჩვენება მიცემული აქვს და ეს პროცესი მიდის", - დასძინა მან.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



