რეზონანსი
(01.11.2024)

ამ დროის მდგომარეობით, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტი ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს - მათ მანდატებზე უარი თქმა და საარჩევნო სიების ჩახსნა დააანონსეს. თუმცა, ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებაა. სიების ჩახსნაზე უარს აცხადებს გიორგი გახარიას პარტია, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს არ იტყვის ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“.

for.ge-ს ინფორმაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. კერძოდ, როგორც სანდო წყარო აცხადებს, სიების ჩახსნის წინააღმდეგია „სტრატეგია აღმაშენებლი“ და კერძოდ, გიორგი ვაშაძე. იგივე ვითარება არის „ლელოს“ გაერთიანებაში. საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს ანა დოლიძე და თვლის, რომ ოპოზიციამ საპარლამენტრო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.

როგორც ირკვევა, სიების ჩახსნა გახდა დაპირისპირების მიზეზი თვითონ ოპოზიციაში, თუმცა ამ ნაწილში საკუთარი პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ ლიდერებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ოპოზიციამ საერთო განცხადება უნდა გააკეთოს სიების ჩახსნაზე. სალომე ზურაბიშვილის ეს ულტიმატუმი მიუღებელი გახდა ნიკა გავარამიასთვის, რომელმაც პრეზიდენტს შეახსენა, რომ ულტიმატუმით საუბრის უფლება არ აქვს.

სიების ჩახსნა-არჩახსნის გამო ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ საპროტესტო აქციისთვის დრო არ რჩებათ. ამას მოწმობს მათი გუშინდელი განცხადება და უცნაურ დროს დანიშნული აქცია, რითაც თავისი მომხრეების გულისწყრომა გამოიწვიეს.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე