რეზონანსი
(31.10.2024)

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავს საქართველოს მოქალაქედ არ თვლის. როგორც კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში.

„რასაც მე ვაკვირდები, ამ პროცესებმა, ამ ქალბატონის მოღვაწეობას, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში კი წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე და ძალიან ბუნდოვნად წერია, რომელსაც უცხოვრია 15 წელი მაინც საქართველოში. ჩემი აზრით, აუცილებელია დაემატოს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში დაბადებული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 15 წელი მაინც უწყვეტად უცხოვრია საქართველოში.

ეს ადამიანი არ თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ. ეს ადამიანი, თქვენ ხომ ნახეთ პირველ განცხადებაში, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გამოვიდა და განცხადება გააკეთა. ეს ხომ არის პრეზიდენტი, მესმის, რომ ოპოზიცია შენთან მოვიდა, თქვა, რომ იცი რა, გაგვიყალბეს, ის ქნეს, ეს ქნეს, შენ თუ ხარ არბიტრი, დრო მაინც ხომ გჭირდება, ელემენტარული დრო მაინც, რომ ეს ყველაფერი, რა ინფორმაციაც მიიღე, იმას მოუყარო თავი, დაჯდე შენს მრჩევლებთან ერთად, ანალიზის შედეგად გააკეთო განცხადება და გახსოვთ რა სიტყვები თქვა? მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო. ისიც კი არ თქვა, რომ მე ჩემს სამშობლოში არ ჩამოვსულვარო. მე ამ ქვეყანაში იმიტომ არ ჩამოვსულვარო, ანუ, გვამადლის კიდეც მის ჩამობრძანებას, მაგრამ როგორ უყურებს ამ ქვეყანას? ამ ქვეყანას უყურებს როგორც შესაძლებლობების ქვეყანას, თანამდებობრივი შესაძლებლობების ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე