რეზონანსი
(27.10.2024)

საგანგებო თათბირი ორბელიანების სასახლეში - ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. რამდენიმე საათიანია შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ უამრავი დარღვევის ფონზე არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, ამიტომ დღეს კიდევ რამდენიმე დახურული შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას გააჯასაროებენ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინდელ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა და ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ, ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები და შესაბამისად, როგორც ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან, გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სრული ერთიანობა პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,  - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის თუ დელეგიტიმაციის საკითხებს სწორედ ქართველი ხალხი წყვეტს.

ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას, არა უცხოეთი, არა რომელიმე სხვა. ლეგიტიმაციის თუ დელეგიტიმაციის საკითხები წყდება ქვეყანაში შიგნით და ქართველი ხალხი თუ განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მის ნებას, ან მეორე ვარიანტია, გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ქოცია. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს დელეგიტიმაცია გამოეცხადება ქვეყნის შიგნით და ხალხის ნება იქნება გამეორებული საერთაშორისო სარბიელზე. გამორიცხულია, რომ კოალიციას ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს პარლამენტში შესვლაზე და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები გამოხატოს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ცნობილია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც, თუმცა ანა დოლიძემ ტერიტორია უკოემნტაროდ დატოვა. შევედრას დაესწრნენ გახარიას თანაგუნდელებიც. 

ამ წუთებში პრეზიდენტთან არასამთავრობო როგანიზაციების წარმოამდგენლები მივიდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე