რეზონანსი
(26.10.2024)

ქართველმა ხალხმა გაზომა, აწონა და უვარგისად ჩათვალა ოპოზიცია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები აჩვენებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი თავისუფალი არჩევანი გააკეთა.

„დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკვირდებოდით და ხედავდით, რომ ბრიფინგებიც იმართებოდა ჩვენი პარტიიდან დარღვევებთან დაკავშირებით. სურათი ასეთია, რომ როგორც წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ექსცესი და ეს უფრო პარტიულ მედიურ სიმბიოზის მიერ პროვოცირებული მომენტები იყო. მათ შორის, მე ვაკვირდებოდი იმას, თუ რამდენ უბანზე იყო ასეთი ექსცესები, ვნახე სახალხო დამცველის შეფასებებიც ამასთან დაკავშირებით. მაქსიმუმი რაც ჩანს, არის ათ უბანზე, სამი-ოთხი უბანი იყოს, სადაც მეტ-ნაკლებად ცოტა მძიმე მდგომარეობა იყო. დანარჩენი უფრო მსუბუქი მდგომარეობა 3 100 უბნიდან. ესეც ხომ ამბობს საერთო ჯამში სად ვართ.

სხვათა შორის, ჩვენ ასევე ვაკვირდებოდით საჩივრების რაოდენობას და ესეც არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე 2020 წელს იყო. ამიტომ, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, კვლავ აგრძელებს იმ აზრს, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში იყო, რომ საერთო სურათი არის აბსოლუტურად საქმიანი, მშვიდი, როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

თქვენ ნახეთ რამხელა აქტივობა იყო ამ არჩევნებზე. ბოლო მონაცემები არ ვიცი, რამხელა არის ჯამური აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით, თუმცა, ვაკვირდებოდი დინამიკაში, რომ იყო საკმაოდ დიდი აქტივობა. ეს აჩვენებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი თავისუფალი არჩევანი გააკეთა.

კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა გაზომა, აწონა და უვარგისად ჩათვალა ოპოზიცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე