
ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმის პროკურორი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. სასამართლო პროცესიდან, გრიგოლ ბიბილაშვილის სიტყვას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
პროკურორის გაცხადებით ირკვევა, რომ მომხდარის მოტივი გასული წლის სექტემბერში მომხდარი დაპირისპირებაა. პროკურორის თქმითვე, შემთხვევის დღეს, იოსებ ბალარჯიშვილის [მკვლელობაში ბრალდებული] გარდა, თანმხლები პირები მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილსაც ჰყავდა. შესაბამისად, მათ დასადგენად და დასაკავებლად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა დანაშაულის შესახებ იცოდნენ და შემთხვევის ადგილზე ყოფნას უარყოფენ, თუმცა ეს მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან გაირკვა, დაკავებული პირებიდან ყველა ნასამართლევია.
მათ შორის, დავით მაჭარაშვილი - განზრახ მკვლელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვისაა ნასამართლევი.
ჯემალ ფირანიშვილი ძარცვისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გიორგი ბუბუტეიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზეა ნასამართლევი.
მკვლელობა 20 ოქტომბერს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებმა ოთხი ბრალდებული 21 ოქტომბერს დააკავეს.
27 წლის ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იოსებ ბალარჯიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო სამ დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ოთხივე დაკავებულს - იოსებ ბალარჯიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



