რეზონანსი
(23.10.2024)

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ყაზანში ჩავიდა. სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიო გუტერეშის რუსეთში მოსალოდნელი ვიზიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში ომის დამნაშავე პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

BRICS-ის სამიტი ყაზანში დღეს დაიწყო და იგი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი დღეს ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე