
ჯგუფ „მგზავრებმა" 20 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტი, რომელიც მერიის მიერ იყო ორგანიზებული, გააუქმა.
„მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ნათქვამია „მგზავრების" განცხადებაში.
დედაქალაქის მერი ამბობს, ჯგუფი „მგზავრების" მდგომარეობაში შედის და მათი გადაწყვეტილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ესმის.
ჯგუფის გარშემო ატეხილ ამბავზე კომენტარი, გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა გააკეთა:
„ვიტყვი იმას, რომ „მგზავრებს" არც ერთ სამთავრობო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას გულისხმობს! ჯგუფს ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკაში ჰქონდა ტურნე. 9 ნოემბერს ფილარმონიაში აქვთ სოლო კონცერტი დაგეგმილი და თითქმის მთელი ნოემბერი ევროპაში ექნებათ კონცერტები. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ გვერდებზე დევს და იქვეა იმ ქალაქების სიაც, სადაც გამოვლენ. ამაზე „ამერიკის ხმას" ვრცელი სიუჟეტი ჰქონდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს.
20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშზე მივდივარ და პოზიცია ჯგუფსაც საკმაოდ მკაფიო აქვს, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროკავშირისკენაა მიმავალი და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ისე მოხდა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, მთავრობამ დააპოზიციონირა როგორც მათი მხარდამჭერი კონცერტი, თან ისეთ დღეს, როცა ყველა მარშზე წასვლას ვაპირებთ. მიხარია, რომ ჯგუფმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და კონცერტი გააუქმა. როცა ქვეყანა ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, ვირჩევთ ევროკავშირს და თუ რუსეთს, - მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. აღნიშნული მარში ხომ ერთგვარი რეფერენდუმიცაა, როცა ამდენი ხალხი იქ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოდის", - განუცხადა "ამბებს" დედალამაზიშვილმა.
კონცერტის გაუქმების შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, „მგზავრების" რუსეთის არაერთ ქალაქში გამარათული კონცეტრების შესახებ, მათ შორის 2021 წელს მოსკოვში ნამღერზე. ნინი დედალამაზიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯგუფს რუსეთში კონცეტრი აღარ გაუმართავს.
„როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, არც ერთი კონცერტი იქ აღარ ყოფილა. მანამდე კი, მონაწილეობდნენ... ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ 20 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ ის, რომ ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, ვიყოთ მარშზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ეს არის იმის დაფიქსირება, რომ ვირჩევთ ევროკავშირს, თუ ვბრუნდებით რუსეთში. რაც ბევრი ვიქნებით, ვერავინ მოგვერევა. ეს არის ჩემი გზავნილი. დიახ, 20-ში უნდა ვიყოთ ბევრნი და ჩვენი ქვეყნისთვის სწორი არჩევანი გავაკეთოთ. რეალური მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირთან ერთად არის შესაძლებელი", - განაცხადა მომღერლის დამ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



