რეზონანსი
(16.10.2024)

პეიჯერები, რომელიც ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“ მებრძოლებს აუფეთქდათ, დამუხტული იყო სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც, თავის მხრივ, ბატარეებში იყო ჩამონტაჟებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აგენტებმა, რომლებმაც აღნიშნული პეიჯერები ააწყეს, შექმნეს ისეთი ბატარეები, სადაც მცირე ზომის, თუმცა დიდი ძალის მქონე პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობის მუხტი მოათავსეს.

იქვე იყო ჩადებული დეტონატორი იმგვარად, რომ რენტგენის სხივებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. როგორც Reuters-ი ამტკიცებს, ასაფეთქებელი ნივთიერების წონა ექვს გრამს შეადგენდა. ის ბატარეის ორ მართკუთხა ფენებს შორის იყო მოთავსებული.

მათ შორის აგრეთვე იყო მოთავსებული წვრილი, ადვილად აალებადი მასალა, რომელიც დეტონატორის როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო შექმნილი, რომ მწარმოებლებს მეტალის კომპონენტები არ გამოუყენებიათ, რომ რენტგენის სხივებს ის არ შეემჩნიათ.

სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 500-მდე ადამიანი ქმედითუუნარო გახდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე