რეზონანსი
(11.10.2024)

“ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც ჩანს, გადაედოთ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს და სამწუხაროდ, ტელეკომპანიები “იმედი” და “რუსთავი 2” საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც კი აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ დაბლოკონ "ძლიერი საქართველოს" ხმა, რომ ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს სიმართლე ხელისუფლების შესახებ და სიმართლე იმ დანაშაულების შესახებ, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა.” - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  

“ჩვენ ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ მაგალითად, ტელეკომპანია “იმედი” წლებია აღარ გვიშვებს პირდაპირ ეთერში და ბლოკავს შესაძლებლობას, რომ ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს მათი არხების მეშვეობით იმაზე, რაც აინტერესებთ, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ ეს არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა - მათ გადადგეს ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ დაებლოკათ ჩვენი საარჩევნო რეკლამა. ეს არის კანონის წინააღმდეგ წასვლა და ჩვენ, დღეს, ორ საჩივარს შევიტანთ ტელეკომპანია “იმედის” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ. 

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიები აკეთებენ, განსაკუთრებით მძიმეა ეს დემოკრატიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

 მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საარჩევნო გარემო და არჩევნები ვერ და არ შეფასდება თავისუფლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად, თუ ის არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი მედიაგარემოთი, და, რასაც ახლა ეს ორი არხი აკეთებს, ეს არის მედიის თავისუფალი გარემოს არაკონსტიტუციური შეზღუდვა.

დიდი ხანია ვხედავთ, რომ ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული არხები დაკავებულები ხართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან ბინძური, რუსული მეთოდების პროპაგანდით, მაგრამ რასაც ახლა აკეთებთ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ არ აძლევთ თქვენივე მაყურებელს შესაძლებლობას მოისმინოს “ძლიერი საქართველოს” ხმა, ეს აღარაფერში აღარ ჯდება, ეს არის კანონის და კონსტიტუციის დარღვევა და ჩვენ, ამ საჩივრებით, თქვენს წინააღმდეგ დავიწყებთ დღეს სიმართლის დაცვას. 

ეს არის გაგრძელება იმ ავტორიტარული მოქმედებებისა, რომელიც არის “ქართული ოცნების” ხელწერა, როდესაც ისინი არ ერიდებიან კანონის დარღვევას, არ ერიდებიან ძალადობას, არ ერიდებიან დაშინების კამპანიას ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება. მე მინდა კიდევ ერთხელ, ყველა გავაფრთხილო, გავიგეთ, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს სახელმწიფო, სწორედ ამიტომ, სწორედ ამ სახელმწიფოს მიტაცების გამო, სწორედ იმიტომ, რომ ებრძვით თავისუფალ სიტყვას, სწორედ იმიტომ, რომ ებრძვით თავისუფლებას ამ ქვეყანაში, ამიტომ მოგიწევთ დათმოთ ძალაუფლება ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე 26 ოქტომბერს. 

თქვენ მოატყუეთ საქართველოს მოქალაქეები. 12 წელი ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლება გეშენებინათ ამ ქვეყანაში, ავტორიტარიზმი შექმენით და სწორედ ამიტომ დამარცხდებით 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მესმის რომ ეს პანიკაში გაგდებთ თქვენც და თქვენს პროპაგანდისტებსაც, მაგრამ ჯობია აქედანვე დაიწყოთ შეგუება დამარცხებასთან.“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე