რეზონანსი
(09.10.2024)

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული მაუწყებლები მის პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ ათავსებდნენ. ამასთან, „მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ წარმოადგინეს საპასუხო წერილები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ისინი უარს აცხადებენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე, რის მიზეზადაც ასახელებენ იმას, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.

საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ არღვევს „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერში განეთავსებინათ. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, ხოლო „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე