
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, სამართალდამცავები საარჩევნო უბნებზე იმ რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, რაც არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვისაა აუცილებელი.
„კონკრეტული უბნების, მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად საჭირო საპოლიციო ძალებით ვიქნებით თითოეულ უბანზე წარმოდგენილი. ზოგან მეტი რაოდენობა იქნება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ზოგან - ნაკლები. თუმცა, პოლიცია ყველა საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით, რაც მთავარი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. პოლიცია საარჩევნო უბნების შიგნით არ შედის, მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. საარჩევნო უბანში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, როცა უბნის თავმჯდომარე პოლიციას იძახებს და დახმარებას სთხოვს. მიმდებარე ტერიტორიაზეც იმ შემთხვევაში რეაგირებს, თუკი, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული დანაწესი ან საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" დარახველიძემ.
კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა აღნიშნული ტერიტორიული ჯგუფებისთვის მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს მიმართვა, დარახველიძე დადებით პასუხს სცემს. მისი განმარტებით, მოქალაქეს, როგორც 112-ში ზარის განხორციელებით, ასევე პოლიციისთვის პირდაპირი შეტყობინების გზით, შეუძლია მიმართვა. გარდა ამისა, თავად ჯგუფებს მედიასაშუალებებიდან და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზეც შეუძლიათ მოქმედება.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ინფორმაცია, თითქოს, ტერიტორიულ დანაყოფებს გდდ უხელმძღვანელებს.
„არათუ არასწორია, ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა. ეს ბრძანება ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეეძლოთ წაეკითხათ, პირველივე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობს ტერიტორიული დეპარტამენტის დირექტორი და მის დაქვემდებარებაში გადადის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული თანამშრომლები ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არიან. სპეკულაცია და ტყუილია, თითქოს, ამ ჯგუფებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ვიმეორებ, აღნიშნულ ჯგუფში ჩართული არიან - საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და თავად ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. ასე რომ, ეს არის ჯგუფი, რომელიც ერთობლივად მოქმედებს იმ წესების შესაბამისად, რაც კანონითაა განსაზღვრული“, - განაცხადა დარახველიძემ.
ინტერპრესნიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



