რეზონანსი
(09.10.2024)

უკრაინის მოკავშირეები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა ომის დასრულების პირობებისადმი საკუთარი მიდგომა შეცვალოს და შეარბილოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების აუცილებელ პირობას რუსეთის ჯარის ქვეყნის ტერიტორიიდან სრული გაყვანა და ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს. გარდა ამისა, ის სუვერენიტეტის ან ტერიტორიების კუთხით დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ომის მესამე ზამთრისთვის ემზადება, ხოლო პარტნიორების დახმარება სუსტდება, უკრაინელი ჩინოვნიკები ზელენსკის კონფლიქტის დასრულების სტრატეგიაზე მსჯელობის დაწყებას ურჩევენ.

სააგენტოს მტკიცებით, ზელენსკის ომის დასრულების გეგმა გერმანიაში 12 ოქტომბერს დაგეგმილ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უნდა განეხილა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი გამგზავრება გერმანიაში ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო.

უკრაინის ნატოში წევრობა ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. ბაიდენზე მისი გარემოცვა დიდ ზეწოლას ახდენს, რათა მან კიევს ალიანსში წევრობა პირდაპირ შესთავაზოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი წინადადება განიხილება როგორც პოტენციური უპირატესობა კრემლთან მოლაპარაკებების დროს.

ამასთან ერთად, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის ორმხრივი გარანტიების მიცემა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის ტოლფასი იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე