
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
"საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



