რეზონანსი
(29.09.2024)

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაეხმაროს და მას ცინიკურს უწოდებს. 

"ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - რუსეთი "მათ ურთიერთობების მოგვარებაში" დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო. ანუ, ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო (ცინიკურად). იმედმა ეს განცხადება დაამახინჯა, ქარდი გააკეთა, აღიარების ნაწილი ამოიღო და ასპონსორებს. პოსტვ-ის და სხვა პროპაგანდისტები აშეარებენ და აქებენ ლავროვს. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს. რუსებზე რუსები არიან ეს მოღალატეები!", - წერს დეკანოიძე. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე