
დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო - ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ენგურის ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ „ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად“.
„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და, რომელმაც გაყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკან მოუხედავად ჩაერთნენ თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და სიცოცხლე შესწირეს ამ უთანასწორო ბრძოლას.
ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა:რუსეთი არის აგრესორი! რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ, ჩემი მეგობრები და საქართველოს მოქალაქეები ბოდიშს არ მოვუხდით! ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის ომის გამჩაღებელს, ბოდიშს უხდის.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის! ეს არის ადგილი, ხიდი, ენგურის ხიდი, რომელმაც გაყო ორი მონათესავე ერი, ორი მონათესავე თანამოქალაქე, მეზობელი, ოჯახი, მაგრამ ეს ხიდი, ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლდ ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, "ძლიერი საქართველო", ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია, სადაც, აფხაზები, აფხაზების შვილები, ოსების შვილები, საქართველოს შვილები, ერთად ააშენებენ ძლიერ საქართველოს, ექნებათ ევროპული მომავალი და ის პერსპექტივა, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში. ჩვენ ვიცით როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა, ის კულტურა, რომელიც ჩვენ შორის ყოველთვის იყო. რას სთავაზობს დღეს პუტინი და კრემლი აფხაზეთს? პუტინი და კრემლი აფხაზეთს სთავაზობს, რომ მათი შვილები წავიდნენ და უკრაინაში, სისხლისმღვრელ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.
ჩვენ ვთავაზობთ მათ მშვიდობას, მყარ მშვიდობას, ძმობას, მეგობრობას და ახალი ფურცლით დაყწებას ჩვენი ურთიერთობისა. მე მინდა კიდევ ერთხელ, ომში დაღუპულ ყველა აფხაზს, ქართველს, მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვთქვა, რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ ძლიერ საქართველოს ავაშენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად, აფხაზების, ქართველების, ოსების, ერთიანი ძალისხმევით.“, - განაცხადა ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



