რეზონანსი
(26.09.2024)

60 საარჩევნო უბანი 42 ქვეყანაში - მხოლოდ ამას სთავაზობს ცესკო ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს. ცესკო ამტკიცებს, რომ უბნებს ახლა ისეთ ქვეყნებშიც კი ხსნიან, სადაც აქამდე საერთოდ არ ყოფილა. თუ რომელ ქვეყანაში რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება, საკითხს უწყება დღეს განიხილავს. 

ამასთან, ცესკოში ირწმუნებიან, რომ კონკრეტული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საკითხის სამართლებრივი სივრციდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანას ცდილობენ. 

საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. საგულისხმოა, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე ან ზოგადად, არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საემიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა. 

იყო საკითხის სამართლებრივი სივრციდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხეი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, - განაცხადეს ცესკოში. 

 ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკო საარჩევნო უბნებს ისეთ ქვეყნებშ ხსნის, სადაც საქარველოს მოქალაქეების მცირე ნაწილია. "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ არჩევნებში ქართველი მიგრანტების დიდმა ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა. 

წელს იქმნება უფრო მეტი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, თუმცა ბუნებრივია, ემიგრანტების მოთხოვნა არის რეალური მონაწილეობა  არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქვეყნები და კონკრეტული რეგიონები ამ ქვეყნებში, სადაც ქართველები მჭიდროდ არიან დასახლებულნი და სამწუხაროდ, მათ არ ეძლევათ მაინც იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მართალია, ახალი უბნებიც იქმნება ახალ ქვეყნებში, მაგრამ იქ ძალიან ცოტაა ჩვენი ემიგრანტების ნაწილი. ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება, რომ რა შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს საზღვარგარეთ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ემიგრანტების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლოგიკურად არის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, - ამბობს სიორიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე