
ცესკო-ს თავმჯდომარემ ტელეთერით ისაუბრა იმაზე, ქმნის თუ არა გარკვეულ უსამართლობას ის ფაქტორი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც იქიდან ოჯახებს ეხმარებიან და რომელთა მონაწილეობის მასშტაბი ქართულ ეკონომიკაში, ანუ ჩვენს შიდა პროცესებში, სოციალურ ყოფაში საკმაოდ მაღალია, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებული არიან.
„სამომავლო პერსპექტივაში ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე ვსაუბრობ წმინდა პროფესიული ადმინისტრირების ტექნიკური თვალსაზრისით. რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას აღვასრულებთ; მოგვწონს-არ მოგვწონს, ეს ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი არ არის. როგორც აღვნიშნე, ყველა ალტერნატიულ შესაძლებლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, მაგრამ ეს მაინც არის პოლიტიკური გადაწყვეტის საგანი, საკითხი. გერმანია, კანადა, ისრაელი, ირლანდია, სლოვაკეთი, სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნიან. რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის, ევროპის მასშტაბით, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს პირს, თუ ის სამ ან ხუთ წელზე მეტი ვადით იმყოფება ქვეყნის გარეთ. ანუ, ადამიანს თუ წყვეტა აქვს ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ ჩართულობასთან მიმართებაში, მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ეს არის პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი საკითხი. შესაბამისად, არის საკანონმდებლო ორგანოს ნაწილი.
ზოგმა ქვეყანამ საერთო არ მისცა ამის შესაძლებლობა უცხოეთში მყოფთ, ზოგმა რაღაც შეზღუდვებით მისცა. სადღაც არ აძლევენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არის და პირიქით. ამიტომ, რომელი სჯობს და რომელი არა, ეს არის პოლიტიკური განხილვის, მსჯელობის და შეთანხმების საგანი. ჩვენ აღვასრულებთ იმას, რასაც კანონმდებელი გაითვალისწინებს და რაზეც პოლიტიკოსები შეთანხმდებიან“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



