
საარტილერიო ჭურვების ნაწილი, რომელიც უკრაინას დასავლელმა მოკავშირეებმა მიაწოდეს, უხარისხო აღმოჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც კიევმა მოკავშირეებს აცნობა, საარტილერიო დანადგარიდან რამდენიმე კილომეტრში აფეთქების ნაცვლად ჭურვები ხშირად გასროლის შემდეგ 20-60 მეტრში ფეთქდებოდა. ამ დროს როგორც თავად საარტილერიო სისტემები, ასევე სამხედროები ზარალდებოდნენ. კიევმა შესაბამისი ოფიციალური წერილი ჩეხეთს და აშშ-ს უკვე გაუგზავნა.
უკრაინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დროზე ადრე ჭურვების აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი M515 и M51A5 ტიპის ძველი დეტონატორების გამოყენება გახდა, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო შექმნილი. ამის გამო 10 000 ჭურვიდან 5 დროზე ადრე აფეთქდა.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩეხეთის მთავრობა უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის მიწოდების ინიციატივით გამოვიდა. ყველაზე მეტი ჭურვი, 180 000, უკრაინას გერმანიამ მიაწოდა.
ჩეხური შეიარაღების კომპანია CSG-ში ვარაუდობენ, რომ ჭურვების პრობლემები, შესაძლოა, დეტონატორის და ჭურვის შიგნით არსებული დენთის შეუთავსებლობა ყოფილიყო.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული ჭურვების დიდი ნაწილი საწყობებში ინახებოდა. ასე, მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობა მოკავშირე ქვეყნებს აწვდის ჭურვებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში უტილიზაციას ექვემდებარება.
2022 წლის თებერვლის შემდეგ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას სხვადასხვა კალიბრის 2 მლნ. საარტილერიო ჭურვი მიაწოდეს. კიევის მიერ გაგზავნილ წერილში ამისთვის მადლობის სიტყვები წერია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



