
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, თვალთვალის დროს "ოცნების" წარმომადგენლები შეკრებაზე გამოცხადებულ ამომრჩეველს უღებენ ფოტოებს და შემდეგ ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რაც მისივე თქმით, პირდაპირ აისახება წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლის გამოცხადებაზე და ხელს უშლის პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციას.
"აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით „გახარია – საქართველოსთვის“ წევრობის და მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს სენაკის და ხონის სკოლის დირექტორები – შორენა შამათავა და მინდია გველებიანი და ტყიბულის სკოლის დირექტორის მოადგილე – ნანა ამბროლაძე. აღნიშნულს თანამდებობებზე „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დანიშნეს. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო/მუქარა-ზეწოლა – 2024 წლის 30 ივლისს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ 26 ივლისს ოპოზიციის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურის მიერ რეაგირებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში.
კერძოდ, 2024 წლის 03 აგვისტოს ორგანიზებული აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობდა, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულ ფაქტზე 7 აგვისტოს მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან ერთობლიობაში შეფასება. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
2024 წლის 07 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ორგანიზაციას მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
2024 წლის 06 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
2024 წლის 06 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს" - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, არც ერთ დასახელებულ შემთხვევაზე სახელმწიფო ინსტიტუტებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



