რეზონანსი
(23.09.2024)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ეხმაურება და წერს, რომ “გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ საზოგადოებასთან.“

სააკაშვილი ამბობს ,რომ მმართველი გუნდი “სრულიად ღიად დასცინის ხალხს.“

ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული სისტემა ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების ახლა გააუქმა ივანიშვილის პარლამენტმა.

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ საზოგადოებასთან.

მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და სრულიად ღიად დასცინიან ხალხს. თითქოს გვეხვეწებიან მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე