რეზონანსი
(19.09.2024)

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა ისაუბრა, თუ რატომ ვერ შედგა მესამე დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

"მესმის, რომ მოლოდინი გაჩნდა, ტემპერატურამაც აიწია, მაგრამ შეთანხმება რომ ვერ შედგა, ეს დრამა ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, სხვადასხვა სპეკულაცია მოვისმინე და ეს სპეკულაციები მინდა, რომ გამოირიცხოს. მოვისმინე, რომ თითქოს 16:00 საათზე გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო შეხვედრაზე და ეს ასე არ არის - არანაირი შეხვედრა მას ჩანიშნული არ ჰქონია. ასევე მოვისმინე, რომ თითქოს მეორე მხარისთვის მოულოდნელი იყო ჩვენი პოზიცია მაშინ, როდესაც ჩემი თანდასწრებით გახარია ტელეფონით ესაუბრა მამუკა ხაზარაძეს.

შესაძლოა, მათ შიგნით, სხვა წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ ეს საუბარი შედგა.

მე მოვისმინე “ლელოს” ლიდერისგან, რომელიც საუბრობს ერთიანად ამ 9 ნომრის, ერთიანი კოალიციის სახელით, რომ ის მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ოღონდ არ ვიცით, რა დოკუმენტზეა საუბარი, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ გამოაქვეყნონ ეს აღნიშნული დოკუმენტი.

ერთის მხრივ, ბატონი მამუკა ამბობს, რომ კოალიციის ლიდერია და საუბრობს კოალიციის სახელით და მოლაპარაკებებზე ზის და ამის პარალელურად მისი პარტნიორები ზუსტად იმავე დროს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი შესაძლო პარტნიორობის საჭიროებას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც “ლელოს” უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება მის პარტნიორებთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მან ვერ მოახერხა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ უდიდეს დათმობას, რა დათმობაზეც ჩვენი გუნდი წავიდა. გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ახლა, ოპოზიციიდან, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, და მომავალშიც სულ ასე იქნება ჩვენი გუნდი, პირად და პარტიულ ინტერესზე წინ ყოველთვის ვაყენებდით, ვაყენებთ და მომავალშიც დავაყენებთ სახელმწიფო ინტერესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, რასაც ჰქვია პარტიის დათმობა. მზად ვიყავით, დაგვეთმო ჩვენი პარტიის სახელი, პარტიული ნომერი. ერთადერთი, რაც მეორე მხარის ლიდერს უნდა მოეტანა, იყო ის, რომ უნდა მოეხერხებინა შეთანხმება მის პარტნიორებთან პარიტეტთან დაკავშირებით და ეს მან ვერ შეძლო”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე