
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ რუსთავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისვლა, ვიცი, რომ მათ იქ მისვლა არ უხარიათ - სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს, რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსთავში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა
მისი თქმით, ოს სეპარატისტებთან ქართველებს ბოდიში მოსახდელი არ აქვთ.
„დღეს აქ, რუსთავში რამდენიმე საათში დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეხვედრას. რუსთაველები, ადამიანები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები ვართ, განსაკუთრებით გორში გაკეთებული მისი უკანასკნელი განცხადების შემდეგ, მოვუწოდებთ, რომ იგივე არ გააკეთოს რუსთავში. არცერთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველ ხალხს არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი ოს სეპარატისტებთან და რუსებთან. ჩვენ ბრძოლა, რომელიც გავმართეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის რუს აგრესორებთან, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო მთლიანად ოკუპირებული, რაც შედიოდა რუსეთის ამოცანებში. ეს იყო პუტინის დიდი ამოცანა, რომელიც მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფომ შეაჩერა. მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეს არის ის, რომ ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მწარედ მოატყუა 2012 წელს. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ მისი მისი დამქაშების საწარმოებში და აქვთ მიზერული ხელფასი, რომელიც არ ყოფნით ხელფასის აღებიდან ერთი კვირაც კი. ტოპ მენეჯერებს აქვთ ათჯერ და ასჯერ მეტი ხელფასი, ხოლო ამ ადამიანებს თვიდან თვემდე არ ყოფნით ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იმეტებენ მათთვის. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველ სტუდენტებს და რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციას, რომლებიც წლებია იბრძვიან იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩასვლა უმაღლეს სასწავლებელში არ უჯდებოდეს ათი და მეტი ლარი“. - განაცხადა კირკიტაძემ და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ტყუილები არ გაუვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



