რეზონანსი
(04.09.2024)

ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ ყვარელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლში საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა. ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მათი 5 პრიორიტეტი დაასახელა, კერძოდ:

ევროკავშირიში გაწევრიანება;

შემოსავლების ზრდა;

პენსიონერების დაცვა;

ძლიერი ოჯახი;

ფასების მონოპოლიის დასრულება. 

ბოკუჩავას განცხადებით, ამოძრავებთ იდეა, რომ საქართველო საკუთარი უნიკალურობით გახდეს ევროპის ცივილური ოჯახის წევრი. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გააუქმებენ რუსულ კანონს. 

"ჩვენი თაობის მთავარი მისია არის ამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. გპირდებით, 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული, სრულფასოვანი წევრი.

გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან საქართველოს ეხსნება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის, წვდომა 14-მილიარდიან ევროპულ ფონდზე", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

"ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-სთან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - ამბობს ბოკუჩავა. 

რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, ბოკუჩავას თქმით, ეს იქნება დასაქმება და მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა მოქალაქეებისთვის.

"ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოვიარე საქართველო, ვიმყოფებოდი რეგიონებში. მთაში თუ ზღვაზე, რეგიონებში თუ ქალაქებში, სოფლებში თუ დაბებში, ყველგან ვნახე უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა, სიღატაკე. დღესდღეობით საქართველოს ნახევარ მილიონი მოქალაქე, ფაქტობრივად, უმუშევარია, რადგან წარმოუდგენელია 300 ან 600-ლარიანი ანაზღაურება ხელფასად ჩავთვალოთ. განა, ოცნების რომელიმე ჩინოვნიკი შეძლებდა ოჯახის რჩენას 300, 600, ან თუნდაც 1000-ლარიანი ხელფასით?" - თქვა ბოკუჩავამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე