
ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, ფიქრია ტუგულაშვილი 1-ელ სექტემბერს მიაბარეს მიწას. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ახლა ციხეშია გამოკეტილი, თუმცა მან სასამართლო პროცესზე თავისი ქმედების გამართლება სცადა. ამბობს, რომ ცოლი და მისი ბავშვობის ძმაკაცები ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა. ფაქტია, ის არ ნანობს ჩადენილს, უფრო მეტიც, ამბობს, ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, იმავეს გავიმეორებდიო. მიზეზად ღალატს ასახელებს. ამ ვერსიის არ სჯერა არავის და ყველა დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ცილს სწამებს მეუღლესა და ბავშვობის მეგობრებს, რომელთა დასახოცად ხელი არ აუკანკალდა.
ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილმკვდარი ოჯახისთვის მკვლელობაში ბრალდებულის მიერ პროცესზე ნათქვამი ბრალდება, რომ მან მეუღლე და მისი ბავშვობის მეგობრები ღალატის გამო დახოცა. ფიქრიას დედა, მაია ზათიაშვილი ამბობს, რომ ამ უმძიმესმა ცილისწამებამ კიდევ მეტად გაანადგურა მისი ოჯახი და ის კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავემ პასუხი აგოს ამ საშინელი ცილისწამებისთვისაც.
დედა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა ზვიად ზურაბაშვილს წინასწარ განზრახული ჰქონდა და რომ ქმრის პათოლოგიური ეჭვიანობის გამო მისი ქალიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში მისი შვილი მალავდა, რომ მოძალადის მსხვერპლი რომ იყო. ერთხელ სასწაულად გადარჩენილი კი მეორედ იმავე ადგილას ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.
"როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. შვილი ასეთი სისასტიკით მოგვიკლა და კიდევ ვისმენთ მის ცრუ ბრალდებებს. ჟურნალისტები მის გამაოგნებელ ცრუ ბრალდებას ავრცელებენ და არავინ კითხულობს ჩემი შვილის ამბავს. მოვიდნენ სოფელში, ნებისმიერ ადამიანს ჰკითხონ, როგორი შვილი მყავდა. ასეთ ცილს როგორ სწამებს ის გარეწარი ჩემს შვილს. ფიქრია ძალიან გულჩათხრობილი გოგო იყო, არ უყვარდა ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემები ჰქონდა ოჯახში. დიდხანს მალავდა ამ ამბავს. არც კი ვიცოდით ასეთი ავადმყოფის გვერდით რომ ცხოვრობდა. მკვლელი ისე გვაჩვენებდა თავს, თითქოს საუკეთესო იყო. რა დღეში იყო ფიქრია, ეს გავიგეთ პირველად მაშინ, როცა ქმარმა დაჭრა. მაშინ სასწაულად გადარჩა. ამის შემდეგ აღიარა ჩემმა შვილმა ჩვენთან, რომ საშინელი, ეჭვიანი ქმარი ჰყავდა. მუდმივად ტერორის ქვეშ უწევდა ცხოვრება. ეზოში რომ ჩასულიყო ან მაღაზიაში მესიჯი უნდა მიეწერა მისთვის და ნებართვა უნდა აეღო. ეტყოდა თურმე ფიქრიას სამუშაოდ მივდივარო, ან სოფელში მივდივარო და სინამდვილეში იჯდა სადარბაზოსთან და "ზვერავდა" ჩემს შვილს."
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



