რეზონანსი
(02.09.2024)

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს. ამის შესახებ მაღალჩინოსანმა თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "გარდამტეხი წელის" დაწყების წინ ისაუბრა. საქმე ეხება სანქციების შესაძლო დაწესებას.

ფრიდი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი რიტორიკით საქმის კონფრონტაციამდე მიყვანას ცდილობს. 

აშშ და ევროპა ვერ უკარნახებენ საქართველოს, რა უნდა გააკეთოს მან. ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია. ზოგჯერ საუბარია სანქციებზე, მე კი არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ამდენწლიანი დახმარების შემდეგ ამერიკას მოუწევს, რომ საქართველოს სანქციები დაუწესოს. ამიტომ, ჩვენ ვუყურებთ მომავალ არჩევნებს. შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს, შესაძლოა, წააგოს და შესაძლოა, გააყალბოს არჩევნები, ამიტომ, ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები,. საუკეთესი შედეგი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სანქციების გზით წასვლა არავის სურს. ევროპას და ამერიკას აქვს საშუალებები, თუ ეს საჭირო გახდა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება. თუმცა, მე ვხედავ, რომ "ქართული ოცნება" თავისი რიტორიკით ცდილობს საქმე კონფრონტაციამდე მიიყვანოს.

მე მომისმენია არგუმენტი, რომ აშშ-მა ახლავე უნდა იმოქმედოს, რათა "ქართულ ოცნებას" სიგნალი გაუგზავნოს, რომ არჩევნები არ უნდა გაყალბდეს. ბაიდენის ადმინისტრაცია ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და ბაიდენის ადმინისტრაცია ამას საჯაროდ არ ამბობს, მაგრამ მგონია, რომ ვაშინგტონში ფიქრობენ, რა შეიძლება გაკეთდეს არჩევნების წინ, - განაცხადა ფრიდმა. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე