
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი გამოეხმაურა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.
„ვიმედოვნებთ ჩვენს სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც. ჩანაწერი იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისთვის სასარგებლო.
თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ რეალობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, საფრთხეები რეალურია და ნამდვილად ეკლესიის და ქვეყნისთვის ეს თანამშრომლობა და შეთანხმება იქნება უაღრესად საჭირო.
ის, ვინც დღეს გონებადაბინდულია, ვიმედოვნებთ და ვთხოვთ უფალს, რომ მათაც გონება გაუნათოს. ეს ნაბიჯები, რაც მომავალში გადაიდგმება, სჭირდება ერსაც, ბერსაც და რა თქმა უნდა სამშობლო საქართველოსაც", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



