
"გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მცხეთაში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" სიტყვით გამოსვლას.
გეგელიას თქმით, 2024 წლის არჩევნები არის გამოსავალი, რათა ხელისუფლებიდან "უბედურება" ჩამოიშორონ და შექმნან ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი ღირსეულად იცხოვრებს.
გუშინ ვნახეთ ჯავშან-აკვარიუმში მჯდომი რუსი ოლიგარქი, რომელიც არ ემსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. არამედ ემსახურება კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი პასუხი იმ უბედურებაზე, რასაც წარმოადგენს "ოცნება", არის ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე ღირსეული პირობებით იცხოვრებს", - ამბობს გეგელია.
ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა - მცხეთაში "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე "პირველების" ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია.
ერთ ტრიბუნასთან სიტყვით "ოცნების" ყველა ლიდერი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით.
ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა "ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი" გამოიყენა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



